image _ ilia

Monday, June 7, 2010

მემკვიდრეობა

ილიამ სიცოცხლეშივე მოიპოვა მოწინავე ქართველი საზოგადოებრიობის საერთო აღიარება, უღრმესი პატივისცემა და დაფასება, ხოლო მისი მოწამებრივი სიკვდილის შემდეგ თანდათან სულ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ბუმბერაზი მოაზროვნისა და მხატვრის ნამოღვაწარის, მისი მდიდარი და მრავალფეროვანი შემოქმედების მაღალი ღირებულების, იმ დიდმნიშვნელოვანი მისიის ჭეშმარიტი აზრი, რომელიც მან ქართველი ხალხის სულიერ და გონებრივ აღორძინებაში შეასრულა.

დაკრძალულია თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

ილიას მკვლელობა


1907 წელს რუსეთის პირველ დუმაში (სახელმწიფო საბჭო) სამსახურის შემდეგ, ილიამ გადაწყვიტა საქართველოს დაბრუნებულიყო. ამავე წლის 28 აგვისტოს თბილისიდან საგურამოსკენ მიმავალ ილიასა და ოლღას წიწამურთან ექვსკაციანი ჯგუფი დაესხა თავს. თავდამსხმელებმა ილია მოკლეს და მიიმალნენ.

ილიას მკვლელობის დეტალები დღემდე კამათის საგანია. ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ილიას მკვლელობა ჩაფიქრებული ჰქონდათ სოციალ-დემოკრატებსა და ბოლშევიკებს, ილიას მიერ მათი რევოლუციური გზების დაგმობისა და ხალხში მისი უსაზღვრო პოპულარობის გამო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ერთმა მოხუცმა კაცმა აღიარა, რომ რუსეთის ჟანდარმერიამ დაიქირავა ილიას მოსაკლავად. საბჭოთა პერიოდში ხელმძღვანელობამ მკვლელობის გამოძიება დაიწყო, რომელმაც მოგვიანებით დაასკვნა, რომ მეფის ხელისუფლების საიდუმლო პოლიცია და ადმინისტრაცია იყვნენ ჩარეული ილიას მკვლელობაში.

ილიას მკვლელობა ქართველმა ხალხმა ეროვნულ ტრაგედიად მიიჩნია. მის დაკრძალვაზე აკაკი წერეთელმა, რომელიც იმ პერიოდში ძლიერ ავადმყოფობდა, წარმოთქვა: "ილიას ფასდაუდებელი წვლილი ქართველი ერის აღორძინებაში მომავალი თაობებისთვის ნიმუშის მიმცემია". ვაჟა-ფშაველა წერდა: „ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოჰკლავდნენ.“ 1987 წელს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ილია წმინდანად შერაცხა. სახელით წმინდა ილია მართალი.

ეროვნული მოძრაობა

მთელი თავისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით ჭავჭავაძე დიადი მიზნის განხორციელებას — ქართველი ხალხის კონსოლიდაციას, ეროვნული თვითშეგნების გამოცოცხლებასა და ამაღლებას, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას ემსახურებოდა. ჭავჭავაძე იყო XIX საუკუნის II ნახევრის საქართველოს უდიდესი ეროვნული მოღვაწე, ქართველი ერის ეროვნულ-განმათავისუფლებელი და განმანათლებელი მოძრაობის სულისჩამდგმელი და წინამძღოლი. უწინარეს ყოვლისა, ამაშია მისი ეპოქალური დამსახურება საქართველოს წინაშე.

მოწინავე ეროვნულმა იდეებმა, ერის გადარჩენის გზების ძიებამ ჭავჭავაძისა და მის თანამოაზრეთა შემოქმედებაში შეიძინა მწყობრი და თანამიმდევრული კონცეფციის სახე, რომელიც მთელი ერის ქმედებისა და ბრძოლის ნათლად გააზრებულ პროგრამად იქცა და რომლის საბოლოო მიზანს ეროვნული ჩაგვრისგან თავისუფალი და სოციალურად თანასწორი საზოგადოების აშენება წარმოადგენდა. ჭავჭავაძე მეწინავე იყო მათ შორის, ვინც ქართულ სინამდვილეში ასეთი საზოგადოების აშენებისა და მშობელი ქვეყნის ბედნიერი მომავლის რწმენა დანერგა.

1905 წელს ილიამ შეადგინა პროგრამა, რომლის საფუძველზე 1917 წელს დაარსდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. ამ ორგანიზაციის დაფუძნების სულისჩამდგმელი გახლდათ ილია ჭავჭავაძის დის შვილი, იმხანად ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის მარშალი, გენერალი კონსტანტინე (კოტე) აფხაზი.

1906 სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩეულმა ილია ჭავჭავაძემ განაცხადა: „სახელმწიფო საბჭოში თუ თავადაზნაურთა სახელით შევდივარ, ეს მხოლოდ ფორმალური, იურიდიული მხარეა. არ დავფარავ და ვიტყვი: საბჭოში მთელ საქართველოს და ქართველთა ინტერესების დამცველი ვიქნები“.

„ივერია“


1877 წელს მან დააარსა პროგრესული პერიოდული გამოცემა — „ივერია“, რომელიც სამი ათეული წლის მანძილზე საქართველოს ეროვნული, სულიერი და ინტელექტუალური ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი ცენტრი იყო. 1873 ჭავჭავაძემ ი. მაჩაბელთან ერთად თარგმნა შექსპირის „მეფე ლირი“; 1878 დაამთავრა ისტორიული პოემა „დიმიტრი თავდადებული“, რომელიც სამშობლოსათვის თავგანწირვის პატრიოტული იდეის გაცხოველებას ემსახურებოდა; 18821883 შექმნა ღრმა ფილოსოფიური შინაარსის პოემა „განდეგილი“, რომელშიც სულისა და ხორცის, ცხოვრების მიღება-არმიღების მარადიული პრობლემაა დასმული და რომლის მხატვრული ლოგიკით დაგმობილია ქვეყნისაგან, ცხოვრებისაგან განდგომა; ადამიანის დანიშნულებად და მოვალეობად დასახულია ამა სოფლისათვის ზრუნვა. ქართველი ერის აღორძინების იმედითაა განმსჭვალული ლექსი „ბაზალეთის ტბა“ (1833). 1887 ჭავჭავაძემ შექმნა რეფორმის შემდეგდროინდელი ქართული სინამდვილის ამსახველი თხზულება „ოთარაანთ ქვრივი“, რომელშიც ქართველი დედის შთამბეჭდავი სახე საერთოდ ქართველი ხალხის სულიერი ძლიერების, მისი შეუპოვრობისა და ქედუხრელობის სიმბოლოდ აღიქმება.

შემოქმედება


1859-1872 წლებში დაიწერა ჭავჭავაძის ძლიერი მხატვრული ინდივიდუალობით აღბეჭდილი და მძაფრი მოქალაქეობრივი პათოსით გამსჭვალული, ფართო საზოგადოებრივი რეზონანსის მქონე ნაწარმოებები, რომელთაც აღმავალი ეტაპი შექმნეს XIX საუკუნე|XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურასა და საერთოდ ქართული მხატვრული აზროვნების ისტორიაში.

განათლება


1857 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში ჩავიდა და წარმატებით ჩააბარა უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები (იურიდიული ფაკულტეტი).

ილია ჭავჭავაძე


ილია ჭავჭავაძე (დ. 8 ნოემბერი, 1837, სოფელი ყვარელი — გ. 12 სექტემბერი, 1907, წიწამური), დიდი ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს 1861—1907 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე შერაცხულია წმინდანად, სახელით წმინდა ილია მართალი.