მთელი თავისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით ჭავჭავაძე დიადი მიზნის განხორციელებას — ქართველი ხალხის კონსოლიდაციას, ეროვნული თვითშეგნების გამოცოცხლებასა და ამაღლებას, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას ემსახურებოდა. ჭავჭავაძე იყო XIX საუკუნის II ნახევრის საქართველოს უდიდესი ეროვნული მოღვაწე, ქართველი ერის ეროვნულ-განმათავისუფლებელი და განმანათლებელი მოძრაობის სულისჩამდგმელი და წინამძღოლი. უწინარეს ყოვლისა, ამაშია მისი ეპოქალური დამსახურება საქართველოს წინაშე.
მოწინავე ეროვნულმა იდეებმა, ერის გადარჩენის გზების ძიებამ ჭავჭავაძისა და მის თანამოაზრეთა შემოქმედებაში შეიძინა მწყობრი და თანამიმდევრული კონცეფციის სახე, რომელიც მთელი ერის ქმედებისა და ბრძოლის ნათლად გააზრებულ პროგრამად იქცა და რომლის საბოლოო მიზანს ეროვნული ჩაგვრისგან თავისუფალი და სოციალურად თანასწორი საზოგადოების აშენება წარმოადგენდა. ჭავჭავაძე მეწინავე იყო მათ შორის, ვინც ქართულ სინამდვილეში ასეთი საზოგადოების აშენებისა და მშობელი ქვეყნის ბედნიერი მომავლის რწმენა დანერგა.
1905 წელს ილიამ შეადგინა პროგრამა, რომლის საფუძველზე 1917 წელს დაარსდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. ამ ორგანიზაციის დაფუძნების სულისჩამდგმელი გახლდათ ილია ჭავჭავაძის დის შვილი, იმხანად ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის მარშალი, გენერალი კონსტანტინე (კოტე) აფხაზი.
1906 სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩეულმა ილია ჭავჭავაძემ განაცხადა: „სახელმწიფო საბჭოში თუ თავადაზნაურთა სახელით შევდივარ, ეს მხოლოდ ფორმალური, იურიდიული მხარეა. არ დავფარავ და ვიტყვი: საბჭოში მთელ საქართველოს და ქართველთა ინტერესების დამცველი ვიქნები“.
No comments:
Post a Comment